ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები

აფხაზეთში აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო სტატუსი აქვს განსაზღვრული, ამიტომ აფხაზური ენის შენარჩუნება, დამუშავება და განვითარება ჩვენი სახელწიფო ვალდებულებაა, რაც სხვა რომელიმე ქვეყანას არ ეკისრება.
მეორე მხრივ, ბოლო ხანებში გართულებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ფონზე, იმისთვის, რომ აღვადგინოთ ურთიერთნდობა, დაველაპარაკოთ და გავუგოთ ერთმანეთს, უნდა შევისწავლოთ და გავითავისოთ აფხაზური ეთნოკულტურული სივრცე, ჩავწვდეთ მათი აზროვნების წესს, გავიაზროთ მათი სულიერი სამყარო — აფსუარა. სწორედ ამისთვისაა საჭირო, რომ შევისწავლოთ აფხაზური ენა, რადგანაც მხოლოდ ენაშია ყველაზე სრულად ასახული ეთნოსის არსებობისა და ცხოვრების კოდი.
წინამდებარე სახელმძღვანელო ამ პროცესის საწყისი ეტაპია, ანუ “ენის გატეხვის” საფუძველია. აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები შედგენილია 1999 წელს გამოცემული ქართულაფხაზური სასაუბროს საფუძველზე და ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც დაგროვდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტში თითქმის 10 წლის განმავლობაში მოქმედი და ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან არსებული აფხაზური ზეპირმეტყველების კურსებზე.
აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები (საწყისი კურსი) შედგება 33 გაკვეთილისაგან. თითოეული მათგანი შეიცავს სასწავლო ტექსტს, სავარჯიშოებს, ფრაზეოლოგიურ მასალას, ლექსიკონსა და აუდიო (მოსასმენ) ჩანაწერებს.
სახელმძღვანელოს თან ერთვის 6 საკითხავი ტექსტი და 6 საკონტროლო სამუშაო. აგრეთვე 450-სიტყვიანი ლექსიკონი და აუდიო ვარიანტი (დისკის სახით).
განსაკუთრებული დახმარება გაგვიწია ბატონმა თეიმურაზ გვანცელაძემ. მისი შენიშვნები და რჩევები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სასიკეთოდ წაადგა სახელმძღვანელოს.
აღსანიშნავია, აგრეთვე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ბატონ ივანე ლეჟავას ღვაწლი აუდიო გაკვეთილების შექმნაში.
გასაგები მიზეზების გამო ვერ ვასახელებთ აფხაზური მხარის თანამონაწილეებს სოხუმიდან. მათთან აქტიურმა კონსულტაციებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამოცემის მომზადებაში.
დაბოლოს, იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმძღვანელოს მომხმარებლები და სპეციალისტები აქტიურად დაგვეხმარებიან, მოგვაწოდებენ თავიანთ შენიშვნებს, სახელმძღვანელოს შემდგომი სრულყოფისათვის.


ზურაბ შენგელია
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
ხელმძღვანელი